ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა 19.09.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას  შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის მისიასთან იმ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას.

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ საქართველო, ძალიან ბევრი პარამეტრით, რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მისწრაფებაცა და პოლიტიკაც გახლავთ ის, რომ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკურობისა, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვის სრულიად თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკა იმგვარადაა განსაზღვრული, რომ მათ აუცილებლად დავძლევთ.

კონკრეტულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვართ ის ქვეყანა რეგიონში, რომლის საჯარო სკოლების 14 % არაქართულენოვანი სკოლებია, რაც სრულიად შეესაბამება არაქართულენოვანი მოსახლეობის პროპორციულ რაოდენობას. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის  წარმომადგენლები განათლებას მშობლიურ ენაზე იღებენ. სკოლებში მცირე ჯგუფების ენებიც დაინერგა. შვიდი ახალი ენის სწავლება დაიწყო. მათ აქვთ საკუთარი იდენტობის და კულტურის არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ განვითარების შესაძლებლობა.  რეალურად, ჩართულობის თვალსაზრისით, დღეს პრობლემა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებაა, სხვა საკითხებთან ერთად.  მათთან ამაზეც, რა თქმა უნდა, ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ არსებობს „რუხი ზონები“ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ეს ოკუპირებული ტერიტორიებია.

„აი, აქ გვჭირდება გაძლიერებული საერთაშორისო ძალისხმევა, რათა ტერიტორიებზე, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც შეზღუდული წვდომის გამო საქართველოს სახელმწიფო საკუთარი უფლებების დაცვის გარანტიებს ვერ უქმნის, საერთაშორისო მისიებს წვდომა ჰქონდეთ. ევროსაბჭოს, გენერალური მდივნის მოხსენებების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს და რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს  საპარლამენტო კომიტეტმაც, მონიტორინგის მისიამაც მოისმინოს და საკუთარ საპარლამერნტო მუშაობაში ასახოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.