„ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს“ 20.09.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაბიჯებია, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საზოგადოებების შერიგების, დიალოგის წახალისების მიმართულებით იდგმება.

„დღეს დეტალურად ვისაუბრე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებასა და იმ კონკრეტულ  მოქმედებებზე, რომელთაც დღემდე ვახორციელებთ, თუმცა, რა თქმა უნდა კარგად გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი პროგრამაა. შედეგები, რომლებიც დღეს უკვე სახეზეა, უტყუარად  მიანიშნებს იმაზე, რომ პროგრამა არის დროული, საჭირო და მას აფხაზური და ოსური საზოგადოებების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება აქვს, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები შეიძლება კეთდებოდეს ფორმალურად ამაზე. ეს არის აბსოლუტურად კონსტრუქციული პლატფორმა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ფოკუსირებული და რა თქმა უნდა,  გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს.

„გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის დახმარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და პარლამენტს დღეს ძალიან დეტალური ანგარიში წარვუდგინე იმის შესახებ, თუ  რას ვაკეთებთ იმ ასზე მეტ სოფელში, რომელთაც მავთულხლართები ყოფს. ასევე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში, რათა მავთულხლართები საბოლოოდ დავამარცხოთ. დღეს გამოვთქვი რწმენა იმის თაობაზე, რომ ისევე როგორც  30 წლის წინ ბერლინის კედლები დაინგრა, ეს მავთულხლართებიც აუცილებლად დაიშლება. იგი ხელს ვერ  შეუშლის ადამიანებს, უკეთესი მომავალი და განვითარების უკეთესი პერსპექტივა ჰქონდეთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დღესვე ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქე თანასწორია  განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა და სახელმწიფოს ამოცანაა მათ ჩართულობისათვის თანასწორი პირობები შეუქმნას.

„პარლამენტარებთან ერთად დღეს იმ გამოწვევებზეც ვსაუბრობთ, რაც სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჯერ არ არის ის დონე, რომელიც ყველა მოქალაქეს მისცემდა შესაძლებლობას, რომ საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს, ან ჩაერთოს და მოახდინოს თავისი უნარების რეალიზება იგივე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მაგრამ პროგრესი გვაქვს და კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს, ჩვენი მიდგომა არის არა რიტორიკული, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე ორიენტირებული და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით განმსჭვალული. ნაბიჯების გადადგმა სფეროში, რომელშიც ვმუშაობთ, ვგულისხმობ კონფლიქტის მოგვარებას მიმდინარე რუსული ოკუპაციის პირობებში, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მოქალაქეების მხრიდან. იმედს გამოვთქვამ, რომ  სახელმწიფოებრივად ასეთი მაღალი მნიშვნელობის თემები ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის  ნაწილი, ან საზოგადოების პოლარიზაციის საბაბი არ გახდება, რადგან ეს ის საკითხია, რომლის ირგვლივაც ყველა უნდა გავერთიანდეთ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.