ქეთევან ციხელაშვილი უცხოელ ექსპერტებს შეხვდა 02.10.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უცხოელ ექსპერტებს ქრისტოფ გიროდისა და პოლ ემანოვსკის შეხვდა, რომლებიც საქართველოს 1990-იანი წლებისა და 2008 წლის  შეარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის გასაცნობად ესტუმრნენ.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობა გააცნო, რომელიც  1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2,200-ზე მეტი პირის ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევას და მათი ოჯახის წევრების სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. მისი საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული, მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. შეხვედრაზე მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა განიხილეს.

საუბარი სამარხების მოძიებასა და ნეშტების ექსჰუმაციაში მიღწეულ პროგრესსაც შეეხო. მხარეებმა ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებებიც მიმოიხილეს.

თავის მხრივ, ექსპერტებმა სახელმწიფო მინისტრს სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს, რაც შესაძლოა ქართული მხარის მიერ სამომავლო საქმიანობაში იქნას გათვალისწინებული.

შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვან როლს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის გარკვევაში.