ლია გიგაური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ ტრენინგს დაესწრო 28.10.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ტრენინგს დაესწრო.

2 დღიანი ტრენინგი (ტრენერთა სკოლა) პროექტის "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ტარდება. მედია სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, მოსახლეობის სწორ ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მნიშვნელოვანია მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ რომ გააცნობიერებინონ ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობა და სიკეთე, იცოდნენ თუ რატომ ავირჩიეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რომ ეს არჩევანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, არის სარგებლის მომტანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ცხადად ვხედავთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას რუსული პროპაგანდის საფუძველზე გავრცელებული მითები და სტერეოტიპები რომ დავამსხვრიოთ. ამ კუთხით მედიის როლი უმნიშვნელოვანესია“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ნატოსთვის კომუნიკაციის როლსა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, კიბერ-თავდაცვასა და ამ მხრივ ნატოს მიდგომებზე.