ლია გიგაური ევროპის საბჭოს ღონისძიებას დაესწრო 15.11.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თანასწორობის კვირეულის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება ევროპის საბჭოსა და მისი პარტნიორი უწყებების მიერაა ორგანიზებული, რომელიც 15-დან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კვირეული ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას - ფარგლებში და ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

„ჩვენმა სახელმწიფომ აირჩია თანასწორობა, რაზეც მეტყველებს ის, რომ თანასწორობა არის კონსტიტუციურად გარანტირებული. ჩვენ მივეკუთვნებით იმ იშვიათ სახელმწიფოების რიგს, რომელსაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააჩნია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის მრავალეთნიკური წარმომადგენლობა გვაქვს.

სახელმწიფო გარანტირებულად უზრუნველყოფს მათ თანასწორობას და თანაბარ უფლებას ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს საზოგადოებრივი ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი კულტურული იდენტობის დაცვა და რაც მთავარია, სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლებაში დახმარება, მათი მშობლიური ენის შენარჩუნების პარალელურად, ასევე, ქალების ეთნიკური უმცირესობების ქალთა წარმომადგენლების გაძლიერება და მათი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ეკონომიკურ ცხოვრებაში გააქტიურება, რაც დღეს გამოწვევაა.

დღეს ჩვენ განვაცხადეთ კიდევ ერთი ახალი კამპანიის დაწყება, რომ ეს ქალბატონები მეტად იყვნენ ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში რათა მათ შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა და საკუთარ მომავალზე ზრუნვა და განვითარება“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.

თანასწორობის კვირეული მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების გზით საქართველოში ტოლერანტობის გაზრდას ისახავს მიზნად.