ქეთევან ციხელაშვილი - „ახალგორის ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტის გახსნა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი და პრიორიტეტი“ 28.11.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალგორში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი წუხილი, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა - ერთი არის, როდესაც ადამიანი იმყოფება იზოლატორში და მეორეა, როდესაც ასევე ათასობით ადამიანი ფაქტობრივ იზოლაციაში იმყოფება. ახალგორის ეგრეთწოდებულ გადასასვლელის დაკეტვით უკვე ორ თვეზე მეტია ყოველდღე მძიმდება იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ არამხოლოდ ახალგორში, თუმცა პირველ რიგში სწორედ ახალგორში მცხოვრები ქართველები. ისინი ვისაც აქტიური მიმოსვლა აქვს და მათთვის სასიცოცხლო ინტერესია.

როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ სხვადასხვა დონეზე, ან გვაქვს სხვადასხვა არხით კომუნიკაცია, დამერწმუნეთ, ახალგორის ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტის გახსნა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი და ასევე პრიორიტეტი. იმიტომ, რომ რეალურად საქმე ეხება ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, რომელიც ისედაც პირობითი სიტყვა არის ოკუპაციის პირობებში“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.