ქეთევან ციხელაშვილმა აჭარაში აფხაზური ენის კლასები გახსნა 31.01.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აჭარაში აფხაზური ენის კლასები გახსნა. ქეთევან ციხელაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურად პატარაძესთან ერთად სოფელ ფერიას საჯარო სკოლას და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლას ეწვია.
სოფელ ფერიას სკოლაში შედგა შეხვედრა აფხაზური ენის კლასების მსმენელებთან და პედაგოგებთან. მოეწყო მუჰაჯირობასთან დაკავშირებული ლიტერატურის გამოფენა. სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ჩვენ დავბრუნდებით“.
„ეს სპექტაკლი ეხებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ტრაგედიას, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, რომელმაც გახლიჩა ჩვენი საზოგადოებები, მაგრამ რომელიც ასევე გაგვაერთიანებს იმისთვის, რომ მომავალში აღარ დავუშვათ კონფლიქტი, დაპირისპირება და უკეთესი მშვიდობიანი მომავლისთვის ერთად გავიღოთ ძალისხმევა. ამ ბავშვებმა ძალიან ოსტატურად და გულწრფელად შეასრულეს წარმოადგინეს სპექტაკლი და ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო გზავნილი, რაც შეიძლება, დღეს გავაკეთოთ. ამ სოფელში ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, შერეული ოჯახები და ეს ადამიანები დღეს საუბრობენ შერიგების აუცილებლობაზე, ერთად თანაცხოვრებაზე, მშვიდობაზე, იმაზე რასაც ისინი ამ სოფელში ერთად აკეთებენ და რაც ჩვენ უნდა შევძლოთ ჩართულობით, შერიგების პოლიტიკით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით. ვფიქრობ, სწორედ ეს თაობა - ქართველი და აფხაზი მოსწავლეები, რომლებიც დღეს ერთად იდგნენ სცენაზე, არის ის ძალა, რომელიც შეძლებს, ჩატეხილი ხიდები აღადგინოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური ენის დაცვა ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა.
„რამდენიმე თვის წინ აჭარაში ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შევხვდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. მიხარია, რომ შევძელით დანაპირების შესრულება - დღეს გავხსენით აფხაზური ენის კლასები და აფხაზური ენის შესწავლის მსურველი ბევრია. მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში აქტიურობდნენ, პედაგოგებს, რომლებიც დაუღალავად ემსახურებიან ამ საქმეს. ჩვენი ვალდებულებაა აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის დაცვა, აფხაზური ქართულთან ერთად არის სახელმწიფო ენა და მომავალში კიდევ მეტ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
აფხაზური ენის კლასის მსმენელებთან და პედაგოგებთან შეხვედრა ბათუმის მე-14 სკოლაშიც. დღესვე აჭარის განათლების ფონდმა და სკოლის დირექციამ გააფორმეს მემორანდუმი აფხაზური ენის კლასის ფუნქციონირების შესახებ.
აღნიშნულ სკოლებში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი უტარდებათ.