ქეთევან ციხელაშვილის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 15.03.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ვენაში 13-14 მარტს გამართულ ოფოციალური შეხვედრებზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ინიციატივები წარადგინა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ავსტრიის თავმჯდომარეობის საგანგებო დავალებათა ჯგუფის ხელმძღვანელ ელჩ ფლორიან რაუნიგს, ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანს მიხაელ ლინჰარტს.

ქეთევან ციხელაშვილმა ევროპისა და ავსტრიის უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა: შერიგება და ჩართულობა“.

საჯარო გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ლექციას, რომელსაც ექსპერტები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ვენის დიპლომატიური აკადემიის ინიციატივით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართა.

„ჩვენს პარტნიორებს გავაცანი საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ხალხთა შორის კონტაქტების წახალისებაზე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში, მავთულხლართებით იზოლირებული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაზე. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის წარმოებაში, რომელიც გამიზნულია მშვიდობისკენ, ნდობის მშენებლობისკენ, შერიგებისკენ, კონფლიქტით დაყოფილ საზოგადოებებს შორის და მიმართულია დეოკუპაციისკენ.“ -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ავსტრიასთან, ეუთოსთან, ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო დღის წესრიგზე.