პეტრე კანკავა აფხაზური ენის ღია გაკვეთილს დაესწრო 15.03.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ღია გაკვეთილს დაესწრო.
ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა სტუმრებს ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს. ბავშვებმა აფხაზი პოეტების ლექსებიც წაიკითხეს და გაკვეთილის ბოლოს სიმბოლურ „ნატვრის ხეზე" სურვილები დაწერეს.
„აფხაზური ენის სწავლება ჩვენი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც აჭარაში, ფუნქციონირებს აფხაზური ენის კლასები. აფხაზური ენის შესწავლისადმი ინტერესი დიდია დევნილი ბავშვების მხრიდან და მათ საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ. სწორედ ენის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა, გახდეს ხიდი კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.
ღია გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.