პეტრე კანკავამ ახალციხეში სტუდენტებს საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამის დეტალები გააცნო 10.04.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ სტუდენტებს პროგრამა „1+4“-ს მონაწილეთათვის განკუთვნილი, საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამის დეტალები გააცნო.

შეხვედრაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ პროგრამა 1+4 მონაწილე სტუდენტები ახალციხიდან და ახალქალაქიდან. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ სტაჟირების საპილოტე პროგრამა გააცნო. პეტრე კანკავას განცხადებით, სტაჟირების პროგრამა საჯარო სექტორში დასაქმების პერსპექტივას ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამისთვის რეგისტრაციის ვადა 18 აპრილამდე გაგრძელდა და აპლიკანტებმა განაცხადის ფორმაში წერილობითი რეკომენდაციის ნაცვლად რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიუთითონ. (რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://smr.gov.ge/Notifications/Program.aspx )

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე და სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან სტუდენტებს ის ნაბიჯებიც გააცნო, რომლებსაც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო დგამს.

შეხვედრაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.