ქეთევან ციხელაშვილი: კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია 12.04.2017

კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათ შორის გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნიდან - 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე შევძელით დაგროვილი პრობლემების დიდ ნაწილზე რეაგირება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობის, სოფლის მეურნეობის, მოსახლეობისთვის ზამთრის სეზონზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიმართულებებით. ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საჭიროებებზე რეაგირებიდან თანდათან გადავიდეთ ამ რეგიონების განვითარებაზე, განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობა საკუთარ მიწაზე დამაგრდეს და გაუჩნდეს შემოსავლის სტაბილური წყარო. სწორედ ამ სახით, განვითარებითა და მშვიდობით ვუპირისპირდებით ოკუპაციას, მავთულხლართებს, ადამიანების იზოლაციას და ჩვენი ამოცანაა, მომავალში ეს სიკეთეები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითის კომისიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა 2016 წლის სამუშაოები შეაჯამეს. სხდომაზე ასევე განიხილეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი სამუშაოები.

სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ხელმძღვანელობდნენ. კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან სხვადასხვა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2016 წელის განხორციელებული პროექტები:

• ინფრასტრუქტურული პროექტები: გაგრძელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გაზიფიცირება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა 19 მილიონი ლარით დააფინანსა.
გორის და კასპის მუნიციპალიტეტების 10 სოფელში აღდგა და ხელახლა აშენდა წყალმომარაგების სისტემები, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 3 მილიონი ლარი. დამატებით ორ სოფელში მოეწყო ჭაბურღილები.
• გათბობით უზრუნველყოფა: 2016-2017 ზამთრის სეზონზე გათბობის უზრუნველსაყოფად 11 891 ოჯახზე გაიცა 200 ლარიანი დახმარება.
• განათლების ხელმისაწვდომობა: 2016-17 სასწავლო წელს სწავლა დაუფინანსდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 846 სტუდენტს, ჯამში 1.7 მლნ. ლარი.
• საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა: რუხში, ტყვიავსა და ბერძენაულში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები.

• საინვესტიციო პროექტები: რუხში გაიხსნა სავაჭრო ცენტრი.
განმუხურში შენდება 5 ვარსკვლავიანი, 60 მილიონი აშშ ღირებულების მულტიფუნქციური სასტუმრო, რომელიც 2018 წელს გაიხსნება.

• სოფლის მეურნეობა: გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოიხნა, დამუშავდა და დაითესა 17 438 ჰექტარი მიწა.

• ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა: ხორციელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ამბულატორიების და კლინიკების მშენებლობა და განვითარება. პერმანენტულად ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო უფასო კონსულტაციები.