ქეთევან ციხელაშვილმა ქართული ენის დღე ყარაჯალარის სკოლაში აღნიშნა 13.04.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის საჯარო სკოლაში ქართული ენის ღია გაკვეთილს დაესწრო და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოაცხადა.

აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მეცხრე კლასში ღია გაკვეთილი, რომლსაც სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ, ქართული ენის დღეს მიეძღვნა. ქეთევან ციხელაშვილმა მოსწავლეებს და პედაგოგებს დედა ენის დღე მიულოცა და მათ სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენ უნდა გქონდეთ განვითარების პერსპექტივა საკუთარ სამშობლოში და გზა ამ პერსპექტივისკენ სწორედ სახელმწიფო ენის ფლობაზე გადის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ხელი შეგიწყოთ ქართული ენის შესწავლაში, რაც საზოგადოებაში თქვენი სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ჩვენ ვცდილობთ, ყველა თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი განათლება ყველა საფეხურზე“. ხვალ ქართული ენის დღეა, გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებებს როგორც ქართული ენის, ისე სხვა საგნების შესწავლაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივის, ქართულ ენაზე დაწერილი ესეების კონკურსის შინაარსი გააცნო, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ატარებს.

„ვაცხადებთ ესეების კონკურსს თემაზე „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისკენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო სკოლების IX-XII კლასების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს. გაგვიზიარეთ მოსაზრება, რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ენა, რა მნიშვნელობა აქვს მას თითოეული თქვენთაგანის მომავალ წარმატებაში“, აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ესეების გამოგზავნა დღეიდან 20 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. ნამუშევარი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 150 სიტყვისგან, მიიღება როგორც ელექტრონული, ისე ნაბეჭდი და ხელნაწერი სახით. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია. სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია გამოავლენს 4 გამარჯვებულს, რომლებსაც 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დიპლომებით და საჩუქრებით, პლანშეტებით დააჯილდოებს.

ესეს გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge
ნაბეჭდი და ხელნაწერი ნამუშევრის წარმოდგენა კი მისამართზე: გ. ლეონიძის 3/5.