ქეთევან ციხელაშვილი: „მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში“ 19.04.2017

„მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაზე „ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში“ გამოსვლისას განაცხადა.
კონფერენცია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის „თავისუფლებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა პოლიტიკაში და კონკრეტულად სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მე მჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობა საზოგადოებისთვის მომგებიანია, მათ შორის სფეროში, რომელშიც მე ვმუშაობ - კონფლიქტების მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესში. ვფიქრობ, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტი მშვიდობა იქნება მსოფლიოში,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე და ამ გამოწვევების დაძლევაში ქალების როლზეც ისაუბრა.
„მოუგვარებელი კონფლიქტი, განგრძობადი ოკუპაცია, ანექსიის მცდელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ასე ღიად მიმდინარეობს 2008 წლიდან, ათასობით ადამიანისთვის ყოველდღიურად არის დაუსრულებელი გამოწვევა. ეს ადამიანები არა მხოლოდ დევნილები არიან, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც 100 კილომეტრი სიგრძის მავთულხლართების გასწვრივ და მიღმა ცხოვრობენ. მათ აკავებენ უკანონოდ, აქვთ გადაადგილების თავისუფლების, სკოლებში ბავშვების გაგზავნის, სკოლებში მშობლიურ ენაზე საუბრის პრობლემა, მაგალითად გალის რაიონში. ჩემთვის, როგორც ამ სფეროში ჩართული ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, გარდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის და გაერთიანების მთავარი მიზნისა, სადღეისოდ არის ის, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ცხოვრება და ყველა ჰუმანიტარული პრობლემიდან გამოსავალი მოვძებნოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტით დაზარალებული ქალები აქტიურები და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი არიან.
„კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს სფეროში ქალის ფაქტორი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ომის და კონფლიქტის მსხვერპლი ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. თუმცა, ამის მიუხედავად ქალები ძალიან აქტიურები არიან და მშვიდობისათვის მუშაობენ. პირადად ჩემთვის შთაგონების და ენერგიის წყარო არიან შვილმკვდარი დედები, რომლებსაც ხშირად ვხვდები. მათ ამ უზარმაზარ ტრაგედიასთან ერთად აქვთ მუხტი და შემართება, რომ დაგეხმარონ მშვიდობისა და შერიგებისთვის მუშაობაში, რათა მათი ოჯახების ტრაგედია აღარ განმეორდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.