ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენი ამოცანაა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე იყოს თანასწორი ჩვენს საერთო სამშობლოში“ 03.05.2017

„ჩვენი ამოცანაა, ყველა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, იყოს თანასწორი ჩვენს საერთო სამშობლოში და ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს მისთვის სასურველი მიმართულებით“, - მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებს.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული 65 ახალგაზრდა 3 თვიან სტაჟირებას 20 საჯარო უწყებაში (მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) გაივლის. სახელმწიფო მინისტრმა მათთან შეხვედრაზე საპილოტე პროგრამის მნიშვნელობასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა.

“მინდა, მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები! ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თქვენს დასაქმებას და მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამიტომაც, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევქმენით სტაჟირების საპილოტე პროგრამა, უშუალოდ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებისათვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტაჟირების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, სამომავლოდ სტაჟირების პროგრამის დახვეწის მიზნით მის ეფექტურობას შეაფასებს. მან იმედი გამოთქვა, რომ თითოეული სტაჟიორი მაქსიმალურად გამოავლენს საკუთარ უნარ-ჩვევებს, შეისწავლის საჯარო სამსახურის სპეციფიკას და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა აპლიკანტებს დაინტერესებისათვის, რომლებიც კონკურსის ბოლო ეტაპზე ვერ გადავიდნენ და აღნიშნა, რომ მათ კიდევ მიეცემათ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს გაეროს ასოციაციას და აშშ-ს განვითარების სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

„ეს პროგრამა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და პერსპექტივა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მომავალი დასაქმებისთვის. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს შევიტან სამოქალაქო ინტეგრაციის საქმეში. ამასთან, ეს არის დიდი მოტივაცია სხვა სტუდენტებისთვისაც“, - აღნიშნა ლუსინე პიჩიკიანმა, რომელიც სტაჟირებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაივლის.

სტაჟირების საპილოტე პროგრამაში მონაწილეობისთვის სულ 151 მსურველი დარეგისტრირდა, აქედან, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 90, ხოლო გასაუბრება წარმატებით გაიარა 65-მა აპლიკანტმა.