ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მასწავლებლებს ჩვენი დროის გმირები უწოდა 08.05.2017

„თქვენ განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე გიწევთ მუშაობა, ჩვენი თანამედროვეობის გმირები ხართ,“ - მიმართა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მასწავლებლებს, რომლებიც კონფერენციაში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა. მან მასწავლებლების პროფესიისა და კონკრეტულად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ზრდით. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კი თქვენ განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე გიწევთ მუშაობა, თქვენს საქმე მაღალპროფესიულად ასრულებთ. თქვენ ჩვენი თანამედროვეობის გმირები ხართ, წარმოუდგენლად რთულ პირობებში ზრდით ბავშვებს მომავლის იმედით, მშვიდობის სიყვარულით და იმ მაღალი ღირებულებებით, რაც ჩვენ ევროპულ მომავალთან გვაკავშირებს. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან თქვენი საქმიანობის განხორციელებისას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მასწავლებლის სახლში მიმდინარეობს.
კონფერენციის მიზანია, მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები მათ სთავაზობს. ასევე, გაზიარებული გამოცდილება და მიღებული ცოდნა დანერგონ სასწავლო პროცესში.

კონფერენციის მონაწილე ასზე მეტ მასწავლებელს თბილისიდან და საქართველოს
სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ესტონეთის და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ფელიქს ჰეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიმართეს.