აპარატის ფუნქციები და ამოცანები

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციები და ამოცანები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში აპარატის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება, სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მასში მონაწილეობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; (5.11.2008 N 216)

გ) საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონალური თანამშრომლობის განხორციელება. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა. შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება;

ე) საქართველოს მთავრობისათვის რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა;

ვ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;

თ) რეინტეგრაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;

ი) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა;

კ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;

ლ) რეინტეგრაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სპეციალური ფონდის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება, სათანადო პროგრამების ინიციირება, კოორდინირება და მათი განხორციელების ზედამხედველობა.

მ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წინასწარ განხილვა მათი განხორციელების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა. (14.04.2009 N 75)

ნ) ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი. (24.07.2009 N 129)