|
| 03 ნოემბერი 2008 |
|
|
ცხინვალის რეგიონის მარიონეტული ხელისუფლება, რუსული საინფორმაციო არხების აქტიური ხელშეწყობით, ავრცელებს გამიზნულ დეზინფორმაციას ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების დევნის და მათი საკუთრების ხელყოფის შესახებ. იგონებენ და ავრცელებენ შეთითხნილ ფაქტებს, თითქოს ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები მასიურად ტოვებენ საქართველოს. ვაცხადებთ, რომ ეს ე.წ. “ფაქტები” არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ დეზინფორმაციის მიზანია:
ცხინვალის რეგიონის მარიონეტული ხელისუფლება, რუსული საინფორმაციო არხების აქტიური ხელშეწყობით, ავრცელებს გამიზნულ დეზინფორმაციას ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების დევნის და მათი საკუთრების ხელყოფის შესახებ. იგონებენ და ავრცელებენ შეთითხნილ ფაქტებს, თითქოს ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები მასიურად ტოვებენ საქართველოს. ვაცხადებთ, რომ ეს ე.წ. “ფაქტები” არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ დეზინფორმაციის მიზანია:
- გაამართლოს რუსეთის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისა და საოკუპაციო ჯარების მიერ ქართველთა ეთნიკური წმენდა ცხინვალის რეგიონში.
- ბზარი შეიტანოს ოსი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან და კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.
ვაცხადებთ, რომ არც კახეთში, არც ბორჯომში და არც საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში, ოსი ეროვნების მოქალაქეების მიერ იძულებით საცხოვრებლის დატოვებისა და საქართველოდან წასვლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. არ არსებობს ოსი ეროვნების პირების ეთნიკური ნიშნით დევნის, დამცირების და დაჩაგვრის არც ერთი შემთხვევა. პირიქით, რუსული აგრესიის უმძიმეს დღეებშიც და შემდგომაც ათეულ ათასობით ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე გვერდში უდგას ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, რათა ერთობლივად დავძლიოთ რუსული აგრესიის შედეგები.
ხაზს ვუსვამთ, რომ საქართვცელოს ხელისუფლება არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების ეთნიკურ ნიშნად გამოყოფასა და ჩაგვრას. ამასთან ვაცხადებთ, რომ ყველა გარე ძალების მცდელობა და ქმედებები ჩვენი მოქალაქეების დასაპირისპირებლად განიხილება, როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია და გაეცემა სათანადო პასუხი.
|
|
| 02 აგვისტო 2008 |
|
|
2008 წლის 2 აგვისტოს, სახელმწიფო მინისტრი რეინტაგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში, რათა ადგილზე გაცნობოდა შექმნილ მდგომარეობას.
გაიმართა შეხვედრები გუშინდელი დაძაბულობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან, ეუთოსთან, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან, მათ შორის გენერალ ყურაშვილთან და სამშვიდობოთა სარდალ გენერალ კულახმეტოვთან. სახელმწიფო მინისტრი მზად იყო გაემართა პირდაპირი შეხვედრა სეპარატისტთა წარმომადგენელებთან, მაგრამ მათი უარის გამო ეს არ მოხერხდა.
განსაკუთრებით აღინიშნა სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა. აღინიშნა, რომ მიუხედავად სეპარატისტების პროვოკაციებისა, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს სიტუაციის პოლიტიკური მეთოდებით დასარეგულირებლად. ამ კონტექსტში დაფიქსირდა რუსი სამშვიდობოების მიერ მანდატის შესრულების აუცილებლობა, რათა ალაგმულ იქნას სეპარატისტთა უკანონო ქმედებები. ხაზი გაესვა ეუთოს როლის მნიშვნელობას მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამ მხრივ აღინიშნა რეგიონში დამატებითი ეუთოს დამკვირვებლების განლაგების აუცილებლობა.
მიუხედავად სეპარატისტთა უარისა, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ხედავს პირდაპირი მოლაპარაკებების ალტერნატივას, და გამოთქვამს მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკეკბის უპირობოდ გასამართავად. სახემწიფო მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭირონ ამ სამშვიდობო ინიციატივას და ხელი შეუწყონ პირდაპირი და უპირობო მოლაპარაკეკების გამართვას სიტუაციის დეესკალაციის მისაღწევად.
|
|
|
| 16 ივნისი 2008 |
განცხადება 2008 წ-ს 14 ივნისს ცხინვალის რეგიონში მომხდარ შეიარაღებულ პროვოკაციასთან დაკავშირებით
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას უკანასკნელ პერიოდში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე, მათ შორის ფატალურ, ინციდენტს, რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას რეგიონში.
კერძოდ,
2008 წლის 11 ივნისს ცხინვალის ჩრდილოეთ გარეუბანში მოხდა ინციდენტი სროლებისა და აფეთქებების თანხლებით, რაც პროვოცირებული იყო ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
2008 წლის 13 ივნისს დაახლოებით 12:00 სოფელ კეხვის მიმდებარე ტყის მასივში სამეურნეო სამუშაოებისას ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე.
გაცილებით მძიმედ და ტრაგიკულად დასრულდა მსგავსი ინციდენტი სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ივნისს, სადაც ასევე ნაღმის ამოქმედების შედეგად დაიღუპა 14 წლის მოზარდი.
ასევე 14 ივნისის დაახლოებით 23:30 საათზე ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სოფლების ერგნეთისა და ნიქოზის მიმართულებით. ამის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ნაგებობები და უშუალო საფრთხე შეექმნა მშვდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ქართული მხარე იძულებული შეიქნა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
ამ კონკრეტული ინციდენტისას , ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევევაში, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა რუსი სამშვიდობოების უნიათობა, რომელთაც არ გააჩნიათ უნარი და სურვილი შეასრულონ სამშვიდობო მანდატი, განსაკუთრებით შეიარაღებული ინციდენტების პრევენციის მიმართულებით, რაც წარმოადგენს კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის ძირითად მოვალეობას.
რუსული სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ მთავარი ვალდებულებას - ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებას, იარაღის და საბრძოლო მასალების რუსეთის მხრიდან შემოდინების შეჩერებას, შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფების თარეშის აღკვეთას. აშკარაა, რომ არსებული სამშვიდობო ძალების მექანიზმი არ მუშაობს და ჩამოთვლილი ინციდენტები მათი უმოქმედობის შედეგია.
შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ბოლო ინციდენტისას დაცხრილულია ეუთოს დამკვირვებელთა მანქანები, რამაც პირდაპირი საფრთხე შეუქმნა დამკვირვებლების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის აგრესიულ დამოკიდებულებას კონფლიქტურ რეგიონში ეუთო-ს საქმიანობასთან მიმართებით. ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლების მოქმედების შეზღუდვა, ზეწოლა პოლიტიკურ და მას-მედიის დონეზე, სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის საკითხის ბლოკირება, მიუთითებს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მცდელობაზე, მოახდინოს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებიდან საერთაშორისო თანამეგობრობის იზოლაცია.
მთლიანობაში აშკარაა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ პროვოკაციების გზით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა. ვაცხადებთ, რომ მათი ქმედებების შედეგად სიტუაციამ ფეთქებადსაშიშ ზღვარს მიაღწია. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის თარეში, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები, დამცირება და შეიარაღებული პროვოკაციები.
მოვუწოდებთ ყველა საღად მოაზროვნე ძალას, საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით აღკვეთონ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, რათა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საფრთხე.
|
|
| 18 აპრილი 2008 |
განცხადება ბატონების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ბრალდებებთან დაკავშირებით
გუშინ ბატონები ბაღაფში და კოკოითი გამოვიდნენ განცხადებებით, რომ კოდორის ხეობასა და ზუგდიდში დამატებით შეყვანილია საქართველოს შეიარაღებული ფორმირებები. ამ განცხადებებს მოჰყვა ულტიმატუმის ფორმით წამოყენებული მოთხოვნები.
საქართველოს ხელისუფლებას არანაირი დამატებითი შეიარაღებული ძალები აღნიშნულ რეგიონში არ შეუყვანია, რისი დადასტურებაც შეუძლია გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიას. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, ასევე ულტიმატუმების ენით საუბარი, წარმოადგენს მცდელობებს, რომ საქართველო ჩაითრიონ შეიარაღებულ დაპირისპირებაში და სამხედრო ქმედებებში.
ყველაზე აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსები ამ ავანტიურებში აფხაზებსა და ოსებს იყენებენ როგორც სატყუარას. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ლიდერები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ აშკარაა მათი პაიკებად გამოყენების მცდელობები რუსეთის გეოპოლიტიკურ თამაშებში. ამის ნათელი დადასტურებაა რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში , განსაკუთრებით ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯები. ჩვენი ღრმა რწმენით მცირე ერების ბედით მანიპულირება ამორალურია!
ზემოთ ხსენებულის ფონზე ვაცხადებთ, რომ საქართველო არანაირ სამხედრო ავანტიურაზე და პროვოკაციაზე წამოგებას არ აპირებს. მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიას, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.
მიუხედავად კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით გამოწვეული გართულებებისა, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წამოყენებული სამშვიდობო ინიციატივების ერთგული რჩება. მე პირადად მზად ვარ ჩავიდე სოხუმში და ადგილზე განუმარტო ადგილობრივ დეფაქტო ხელმძღვანელობას სამშვიდობო ინიციატივების არსი. ასევე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ბატონ კოკოითთან შეხვედრის მზადყოფნას მისი და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის ორგანიზების დეტალებზე სასაუბროდ.
ჩვენთვის სულ ერთი არარის აფხაზური და ოსური ეთნოსის ბედი, ჩვენი მოქალაქეების ბედი. ამდენად საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა ისინი არ გადაიქცნენ პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტებად და მათ სათანადო გარანტირებული ადგილი დაიმკვიდრონ ერთიანი საქართველოს ფარგლებში.
|
|
| 11 აპრილი 2008 |
პრეს რელიზი გალში მომხდარი 10 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით
10 აპრილს, საღამოს დაახლოებით 19-20 სთ-ზე, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური სამსახურის, გალში დისლოცირებული ქვედანაყოფის წარმომადგენლები მიხეილ ხაშბას მეთაურობით, შეიჭრნენ სასულიერო პირის, მამა პიმენის (რომან ქარდავა) საცხოვრებელ სახლში.
მათ უხეში ფორმით მოსთხოვეს დაესახელებინა თუ ვის მიერ იყო ხელდასმული გალში და რის საფუძველზე ეწეოდა სასულიერო საქმიანობას. როდესაც მამა პიმენმა წარუდგინა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, მას განუცხადეს, რომ ეს პროვოკაციაა. აუკრძალეს წირვა-ლოცვის ჩატარება და უხეში ფორმებით გამოაძევეს გალიდან.
წლების განმავლობაში გალის რაიონში დამკივდრებული უკონტროლო ვითარება და სამართლებრივი განუკითხაობა უკიდურესად ლახავს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. 10 აპრილს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული სამშვიდობო ფორმატების არაეფექტურობას.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს გაეროს დამკვირვებლებს, დსთ-ს სამშვიდობო კონტინგენტს და გაერო-სა და ეუთო-ს ერთობილივ ადამიანთა უფლებების დაცვის ოფისს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. რელიგიისა და არჩევანის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და მათი ხელყოფა – გაუმართლებელი.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ეუთო მეგობარი ქვეყნების ჯგუფი სახელმწიფოები), მისცენ შესაბამისი შეფასება და მოკლე ვადებში ჩაატარონ სრულფასოვანი გამოძიება. მოვითხოვთ დამნაშავეთა გამოვლენასა და სათანადო დასჯას, რათა მომავალში აღიკვეთოს უსაფრთხოების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.
|
|
| 02 აპრილი 2008 |
განცხადება 31 მარტს ცხინვალის რეგიონის სოფ.ოქონასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
31 მარტს ცხინვალის რეგიონის სოფ.ოქონასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შერეული სამშვიდობო ძალების შტაბი ქართულ მხარესთნ შეუთანხმებლად ავრცელებს დეზინფორაციას, რომელიც არ არის დადასტურებული ერთობლივი მონიტორინგის შედეგებით.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ სრულფასოვანი ერთობლივი მონიტორინგი ქართველი სამართალდამცავების და ეუთოს დამკვირვებელთა მონაწილეობით არ ჩატარებულა და სამხედრო კონტინგენტის ქართველ სამხედრო დამკვირვებლებს და ეუთოს ოფიცრებს ე.წ. “მონიტორინგის შედეგები” არ დაუდასტურებიათ.
მსგავსი განცხადებები წარმოადგენს ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯების მცდელობას და გამიზნულია ქართული მხარის დასადანაშაულებლად ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე. ამავე დროს, გენერალი კულახმეტოვი არაფერს ამბობს სოფელ ოქონაში არსებული ოსური პოსტის უკანონობაზე და ცდილობს იგი გაასაღოს ე.წ. “სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოების პოსტად”.
ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია გენერალ კულახმეტოვის მიერ მონიტორინგის პროცედურებისა და შედეგების უკიდურესი პოლიტიზირება და დაუდასტურებელი ინფორმაციით მანიპულირება.
მოვითხოვთ, გენერალმა კულახმეტოვმა და შსძ-ს შტაბმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება მომხდარი ინციდენტის დეტალებთან დაკავშირებით, რაც სიტუაციის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
|
|
| 14 მარტი 2008 |
პრეს რელიზი ჯავის რაიონში უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაციების განხორციელების შესახებ
დამოწმებული ინფორმაციით ა.წ. 6 მარტიდან დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურები ატარებს უპრეცედენტო დამსჯელ ოპერაციებს ჯავის რაიონში. მათ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს ათეულობით ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ქალები. ზოგიერთი მათგანი გადაყვანილია ქ. ცხინვალში, ისინი დღემდე ციხეში იმყოფებიან.
ყოველივე ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება: შანტაჟით, ზეწოლით და მუქარით, აიძულონ ადამიანები შეურიგდნენ დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკანონებულ განუკითხაობას. ასეთი სახის ქმედებები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივ არსს, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივ მისახლეობაზე კონტროლის შენარჩუნებაა.
გუშინ, 13 მარტს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი, ქ. ვენაში წარსდგა ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების წინაშე. მან გააკეთა სპეციალური განცხადება, სადაც მოუწოდა ეუთო-ს, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის დაგმონ აღნიშნული ფაქტები და მომავალში მათ აღსაკვეთად მიმართონ ქმედით ზომებს.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და პირადი უსაფრთხოების ხელყოფა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს კოკოითის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე.
|
|
| 12 მარტი 2008 |
პრეს რელიზი მარკ პერინ დე ბრიშამბოსა და თემურ იაკობაშვილის შეხვედრის შესახებ
11 მარტს, ქ. ვენაში გაიმართა შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივან მარკ პერინ დე ბრიშამბოსა და რეინტეგრაციის საკითხებში სა.ქართველოს სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მხარის ახალი წინადადებები სამხრეთ ოსეთთან, შერეულ საკონტროლო კომისიასთან და ზოგადად რეგიონში არსებულ საკითხებზე. სახ. მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს გააცნო კონფლიქტურ რეგიონთან მიმართებაში განსახორციელებელი გეგმები და ამასთან დაკავშირებული პოზიციების ახლებური ხედვა. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ არ შეიძლება ეკონომიკური და სხვა სახის პროექტების შეფერხება გამოწვეული იყოს ერთი მხარის ახირების გამო.
ითქვა, რომ ქართული მხარე გააგრძელებს რეგიონში მოქმედი პროექტების რეალიზებას. ამასთან აპირებს ახალი პროექტების წარმოდგენასა და განხორციელებას, მათ შორის კოკოითის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ბატონი ბრიშამბო დიდი ინტერესით შეხვდა ქართული მხარის წინადადებებს. მას ჰქონდა ბევრი კონკრეტული შეკითხვა მიმდინარე საკითხებთან და კონფლიქტურ რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრამ ჩაიარა მეტად უშუალო გარემოში და გაგრძელდა დაგეგმილზე მეტხანს.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ეუთოში ვიქტორ დოლიძე, ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერჰი ჰაკალა.
|
|
| 07 მარტი 2008 |
პრეს რელიზი შსკ-ს თანათავმჯდომარეების მიერ 6 მარტს გაკეთებული განცხადების შესახებ
მიმდინარე წლის 6 მარტს, ცხინვალში, შერეული საკონტროლო კომისიის რუსული, სამხრეთოსური და ჩრდილოეთოსური მხარეების თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება.
ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე განცხადების გაკეთების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული ფორმატის მიკერძოებულ ხასიათს.
“სამმხრივი” ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც დამატებით ამახინჯებენ ქართული მხარის პოზიციას მთლიანად კომისიასთან მიმართებაში, ემსახურება ერთ მიზანს - პოლიტიკური მოლაპარაკებების ჩაშლასა და დაძაბულობის ხელოვნურ ესკალაციას რეგიონში.
ეს შეხვედრა ცალსახად ადასტურებს შერეული საკონტროლო კომისიის მიკერძოებულ ფორმატში არსებულ პრობლემებს, რაც სამი მხარის ერთისადმი დაპირისპირებას წარმოადგენს. რეალურად ამ პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. მომხდარი ფაქტი მოითხოვს რუსეთის, როგორც კონფლიქტის მოგვარების პროცესში ხელშემწყობი, მხარის როლის შეფასების აუცილებლობას.
აქვე კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ,რომ საფუძვლიანად უნდა იქნეს განხილული ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ფორმატი 2+2+2.
ამასთან, თუ ჩრდილოოსური მხარის თანათავმჯდომარე ბატონი მ. ტხოსტოვი, რომელიც რუსეთის მოქალაქე და რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, ცხინვალის 6 მარტის შეხვედრაზე როკის გვირაბის გავლით ჩამოვიდა, ის უნდა აცნობიერებდეს, რომ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
|
|
| 01 მარტი 2008 |
განცხადება 26 თებერვალს სოფ. დმენისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
26 თებერვალს ცხინვალის რეგიონის სოფ.დმენისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შერეული სამშვიდობო ძალების შტაბი ქართულ მხარესთნ შეუთანხმებლად ავრცელებს ინფორაციას, რომელიც ვითომდა ეყრდნობა ერთობლივი მონიტორინგის შედეგებს.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ ერთობლივი მონიტორინგი შსძ-ს და ეუთოს დამკვირვებელთა მონაწილეობით არ ჩატარებულა.
ოსურმა მხარემ მონიტორინგზე არ დაუშვა ქართველი და ეუთოს დამკვირვებლები. უფრო მეტიც, ეუთოს დამკვირვებელს მიაყენეს ფზიკური შეურაცყოფა და რომ არა შსძ-ს სარდლის გენერალ მ.კულახმეტოვის პირადი ჩარევა, ქართველი დამკვირვებლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.
ჩვენი ინფორმაციით, რუსმა სამშვიდობოებმა ჩაატარეს გარკვეული სამუშაო აფეთქების ადგილას, მაგრამ ქართული მხარის და ეუთოს დამკვირვებლების არყოფნის პირობებში ეს სრულფასოვან მონიტორინგად არ შეიძლება ჩაითვალოს.
მოვითხოვთ, შსძ-ის შტაბმა შეწყვიტოს მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება მომხდარი აფეთქების დეტალებთან დაკავშირებით.
|
|
| 27 თებერვალი 2008 |
განცხადება გალში მალხაზ ბასილაიას უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით
გუშინ, 26 თებერვალს, დსთ-ს მშვიდობის მხარდამჭერი კოლექტიური ძალების #201-ე საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა უკანონოდ დააკავეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მზე"-ს ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია, რომელიც ცდილობდა გაეშუქებინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობის საკითხები.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჟურნალისტის დაკავების ფაქტის გამო.
მივმართავთ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს _ ლუიზა არბურს, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში _ ჟან არნოს, ეუთო-ს, მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ელჩებს მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით ხელი შეუწყონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
|
|
| 20 თებერვალი 2008 |
პრეს რელიზი გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრის შესახებ
2008 წლის 18-19 თებერვალს ქ. ჟენევაში შედგა გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრა ქართველი და აფხაზი წარმომადგენლების მონაწილეობით.
ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, ხოლო აფხაზურ მხარეს წარმოადგენდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.
შეხვედრა, რომელიც წარიმართა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და მისი თანამდევი პროცესების ფონზე, მიეძღვნა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის სტაგნაციიდან გამოყვანის გზების ძიებას.
განიხილეს, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, ნდობის აღდგენისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებებისა. აღინიშნა, რომ აუცილებელია პირდაპირი კავშირების აღდგენა და უწყვეტი დიალოგის რეჟიმში მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან პოლიტიკურ მოგვარებას.
ქართველი და აფხაზი წარმომადგენლების უშუალო შეხვედრისას განიხილეს კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობები. კერძოდ, გაჟღერდა ქართული მხარის ახალი წინადადებები ეკონომიკური კავშირების და მედია სივრცის განვითარების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რუსეთის წარმომადგენლების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის შედეგად, მიღებულია თავმჯდომარის განცხადება, სადაც აისახა მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციები. აგრეთვე, მეგობართა ჯგუფის მოსაზრებები და წინადადებები, მხარეთა შორის ნდობის აღდგენის კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დევნილთა დაბრუნებისათვის შესატყვისი პირობების შექმნის გადაუდებელ აუცილებლობაზე.
ცალსახად აღინიშნა მეგობართა ჯგუფის განზრახვა მოლაპარაკებების პროცესში მეტად აქტიურად ჩართვის თაობაზე.
|
|
| 17 იანვარი 2008 |
ქართული მხრიდან შსკ-ს თანათავჯდომარის - დიმიტრი მანჯავიძის - განცხადება
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქართული მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავჯდომარის ბატონი დიმიტრი მანჯავიძის განცხადება.
შერეული საკონტროლო კომისის თანათავჯდომარის ბატონ იური პოპოვის გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი პოზიცია შერეულ საკონტროლო კომისიასთან მიმართებაში არ შეცვლილა. შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში რეალური პროგრესის მიღწევა დამოკიდებულია იმ პრიორიტეტების განხორციელებაზე, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაყალიბა გასული წლის 21-22 ოქტომბერს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე თბილისში და რომელიც წარმოჩენილ იქნა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე მადრიდში 2007 წლის ნოემბერში.
მათ შორის, შერეული სამშვიდობო ძალების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, პირველ რიგში რეგიონის სრული დემილიტარიზაცია, უკონტროლო გზებით შეიარაღებისა და “მოხალისეების” შემოსვლის პრევენცია ჩრდილოეთიდან, უკანონო შეირაღებული ფორმირებების სრული აღკვეთა, რეგიონში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის სრულფასოვანი ჩართვა რეგიონში მიმდინარე პროცესებში; ეს არის ის პრიორიტეტები, რომელთა შესრულებასაც რეალური შედეგის მოტანა შეუძლია შსკ-ს ფორმატში.
სწორედ ამ პრიორიტეტების დაუყოვნებლივი შესრულების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაზე მზადყოფნა შექმნის შესაძლებლობას შსკ-ს ფორმატში მუშაობის გასაგრძელებლად, იქნება ეს საკონსულტაციო თუ სხვა სახის შეხვედრები.
|
|
|
|
|
|