პარიზი, 2008 წლის 14 აგვისტო
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ბატონო პრეზიდენტო,
ექვსპუნქტიანი შეთანხმების მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ – პრეზიდენტ მედვედევის შემდეგ, ხელი მოაწერეთ 12 აგვისტოს, ჩვენი შეხვედრის დროს, თბილისში და რომლის თანახმად : « რუსეთის საჯარისო ფორმირებები უნდა დაბრუნდნენ კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე » და რომ « საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბებამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები მიიღებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს », მსურს გავაკეთო შემდეგი დაზუსტებები :
- როგორც მე ავღნიშნე ჩვენი ერთობლივი პრესკონფენერციის დროს თბილისში, ეს « უსაფრთხოების დამატებითი ზომები » მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უახლოეს, მიმდებარე ტერიტორიაზე და არავითარ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის სხვა მონაკვეთზე ;
- უფრო კონკრეტულად, ეს « ზომები » მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ისე, რომ არცერთი ურბანული ცენტრი არ მოხვდეს მასში, მხედველობაში მაქვს ქალაქი გორი, მიღებულ უნდა იქნას სპეციალური ზომები იმისათვის, რომ გარანტირებულ იქნას გადაადგილების თავისუფლება საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებზე.
- ეს « უსაფრთხოების დამატებითი ზომები » გამოიხატება რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ განხორციელებულ პატრულირებაში შეთანხმებით ნებადართულ ზონაში. რუსეთის დანარჩენი საჯარისო შენაერთები უნდა დაბრუნდნენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე.
- ამ « ზომებს » ექნება დროებითი ხასიათი, ვიდრე, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, არ მოხდება « საერთაშორისო მექანიზმის » ჩამოყალიბება, რომლის ხასიათი და მანდატი უკვე არის განხილვის საგანი საერთაშორისო ორგანიზაციებში, განსაკუთრებით ეუთო-ში, ევროკავშირსა და გაერო-ში.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი თანხმობა, რომელიც გამოხატეთ საჯაროდ, თბილისში, ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე ხელმოწერით და რომელზეც არის ჩემი, როგორც გარანტის, ევროკავშირის სახელით გაკეთებული ხელმოწერა. გუშინ, პრეზიდენტმა მედვედევმა აღმითქვა, რომ თქვენი ხელმოწერა იქნება რუსული ჯარების გასვლის წინაპირობა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა რამდენიმე დამატებითი შენიშვნა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით :
- წერილში მოხსენიებული ტერიტორია გაგებულ უნდა იქნას, როგორც კონფლიქტის ზონის მიმდებარე (მომიჯნავე) ტერიტორია, როგორც ეს განსაზღვრულია ადრე არსებული შეთანხმებებით, საქართველოს ტერიტორიის ყველა სხვა ნაწილის გამოკლებით. წერილში ნახსენები « ზომები » გატარებულ იქნება კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე კილომეტრიან სიღრმეში, ცხინვალის გარშემო.
- წერილში ნახსენებმა ზომებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუქმნას საფრთხე მოძრაობის თავისუფლებას საქართველოს საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებზე.
კონფლიქტის დარეგულირების პროცესის სხვა ასპექტები განხილული იქნება შემდგომში. |