მან ამ თანამდებობაზე ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი შეცვალა, რომელიც უწყებას 2010-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.
პაატა ზაქარეიშვილი დაიბადა 1958 წლის 4 აგვისტოს. 1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1993 წელს - თბილისის სასულიერო აკადემია. 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი, ხოლო 1992-1997 წლებში - ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი, ხოლო 1995-2000 წლებში - საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995 წლიდან 2012 წლამდე იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი, ასევე 1998 წლიდან 2012 წლამდე იყო შერიგების რესურსების (ლონდონი) ქართული-ფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან, მათ შორის "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში კი გახდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002 - 2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 2009 წლიდან 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).