ერიკ რუბინი: მოველით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა

28 November 2012

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო. ქართული მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

როგორც შეხვდრის დასრულების შემდეგ ერიკ რუბინმა ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა ისაუბრეს კონფლიქტების მოგვარებისა და კონფლიტების შედეგად დაზარალებული პირების პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევის პრიორიტეტებზე.

"აშშ-ს სახელით გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ძალისხმევის მიმართ, რომ გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან. ჩვენ აღვუთქვით საქართველოს მხარდაჭერა იმ საქმიანობაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწარმოებს როგორც ჟენევაში, ისე, აქ და ვაშინგტონში. მოველით, რომ მომავალშიც გაგრძელდება მჭირდო თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჩვენ საერთო მიზნებს მივაღწიოთ", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

თავის მხრივ, პაატა ზაქარეიშევილმა შეხვედრას სასარგებლო უწოდა, რამდენადაც, მისი განცხადებით, აშშ არის საქართველოს წამყვანი სტრატეგიული, მეგობარი სახელმწიფო. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები და ამერიკული მხარისგან მიღებული რეკომენდაციები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

"მით უფრო მნიშვნელოვანია ეს კონსულტაციები ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის წინ, რომელშიც საქართველოს ახალი მთავრობა პირველად მიიღებს მონაწილეობას. ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ თემებზე საუბარი, რომლებიც მორიგ რაუნდზე იქნება განხილული. ჩვენ ასევე დავადასტურეთ, რომ ცალსახად მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატს და მზად ვართ, ახალმა მთავრობამ მეტი დინამიკა შევიტანოთ ამ მიმართულებით. იმ ფონზე, რომ ჩვენ მკაფიოდ გვჯერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ნაბიჯებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გამყარებას და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ახალ დონეზე გაყვანას", - განაცხადა პაატა ზქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ჟურნასლიტების კითხვებსაც უპასუხა. პასუხად კითხვაზე, რა აზრისაა იგი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და ორგანიზაციას "ექიმები საზღვრებს გარეშე" აფხაზეთში საქმიანობის საშუალება აღარ მისცენ, პაატა ზაქარეიშვილმა ამ ინფორმაციის საფუძვლიანობაში ეჭვი შეიტანა.

"წითელი ჯვარი" და "ექიმები საზღვრებს გარეშე" სერიოზული ორგანიზაციებია და მეეჭვება, აფხაზურმა მხარემ უარი თქვას ამ ორგანიზაციებზე. არ ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციას რაიმე რეალური საფუძველი აქვს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ხოლო კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედებაზე, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს თემა უკვე დახურულია.

"ელჩთან შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. რკინიგზის თემა დაიხურა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ გამოხატა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.