შეხვედრა ახალაშენებულ "ჩაის სახლში" გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა კომპანია "სოკარის" დაფინანსებით აშენებულ "ჩაის სახლში" მოქმედი ხალხური ცეკვების, ხატვის, კოპიუტერთან მუშაობის, ხალიჩების ქსოვისა და ჭადრაკის შემწავლელი კლასები დაათვალიერა. პაატა ზაქარეიშვილი კომპანია "სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მაჰირ მამედოვთან ერთად კლასების საქმიანობასაც გაეცნო.
შემდგომ კი პაატა ზაქარეშვილი ქვემო ქართლში მოქმედი 22 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტეგრაციის პრობლემებზე, მათ შორის სახელმწიფო ენის შესწავლის, განათლების, რელიგიურ, აზერბაიჯანული თეატრის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ მზადაა კონკრეტულ საკითხზე თანამშრომლობისთვის. მან მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნებისმიერი პრობლემის მოგვარების გზების შესახებ მათეული ხედვა მიაწოდონ ხელისუფლებას, რათა ეს პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრას.
"დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე მოვაგვარებთ ინტეგრაციის პრობლემებს, მით სწრაფად შევძლებთ კონფლიქტების მოგვარებასაც. მე ღია ვარ კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობისთვის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნის ახალ მთავრობასთან ღია საუბრის შესაძლებლობა ექნებათ.
სახელმწიფო მინისტრი მარნეულში აშუღ ქამანდარ ეფენდიევის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანის აშუღთა კავშირის ორგანიზებითა და კომპანია "სოკარის" დაფინანსებით გაიმართა. პაატა ზაქარეიშვილმა მარნეულის კულტურის სახლში შეკრებილებს სახელგანთქმული აშუღის იუბილე მიულოცა. მან საქართველო-აზერბაიჯანის კულტურულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
"საამაყოა, რომ საქვეყნოდ ცნობილი აშუღი საქართველოში - ქვემო ქართლში დაიბადა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას.