პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

26 December 2012

შეხვედრა პროექტის "ახალგაზრდების განვითარების აკადემია" ფარგლებში შედგა, რომელსაც მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს.

პაატა ზაქარეიშვილმა სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულების - კონფლიქტების მოგვარებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა. მისი შეფასებით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა სრულფასოვანი განათლება უნდა მიიღონ.

"ახალგაზრდებმა განათლება და შესაძლებლობები ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ. თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ", - მიმართა სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს.

პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. სტუდენტებმა აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესი გამოხატეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე სახელმწიფო მინისტრისგან პასუხებიც მოისმინეს. პაატა ზაქარეიშვილმა ახალგაზრდებს კონკრეტულ საკითხებში ჩართულობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.