სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი, უპირველესად საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
"სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაშიც. მინდა, განვმარტო, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ძალაშია და მის გაუქმებაზე საუბარიც კი არ არის. ამასთან, არ უქმდება სასჯელი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლისთვის. ცვლილების შეტანის შემთხვევაში კანონის დარღვევის პირველ ჯერზე ნაცვლად არაადეკვატური სისხლის სამართლებრივი სასჯელისა, რომელიც გულისხმობს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, პირს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი. მას ასევე ეცნობება, რომ ის არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი პირს ეკისრება არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლებრივი სასჯელი. ასევე მოხდება დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაშიც, რაც გულისხმობს რეგულარულად ან ჯგუფურად ასეთი ქმედების განხორციელებას",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განმარტებით, კანონის არსებულ რედაქციაში გათვალისწინებულია, რომ თუ პირს შეეფარდება სისხლის სამართლებრივი სასჯელი, მას შეგნებული უნდა ჰქონდეს, რა კანონდარღვევას სჩადის და კანონს წინასწარი შეცნობით და განზრახ უნდა არღვევდეს.
"პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინციატივით სწორდება სამარლებრივად ხარვეზიანი ნორმა და ხდება უფრო ადექვატური და მიზანშეწონილი. ამასთან, კანონი უნდა იცავდეს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, ამასთან, არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ ფლობდნენ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის შესახებ.