შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
"ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტების მიმართ მინისტრის მიდგომების შესახებ. მას ამ საკითხებში დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს. საინტერესო იყო მინისტრის ხედვების მოსმენა. ვიმსჯელეთ გაეროს განვითარების პროგრამების საქმიანობაზე საქართველოს რეგიონებში. ჩვენი ორგანიზაცია განვითარების პროგრამებზე მუშაობს და არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰელენ კლარკმა ჟურნალისტებს.
პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში UNDP-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთმა მოახერხა საერთაშორისო ორგანიზაციების კონფლიქტების რეგიონებიდან განდევნა, ერთადრთი ორგანიზაცია, რომელიც ეფექტურად მუშაობას აგრძელებს, არის UNDP. გაეროს განვითარების პროგრამები ახერხებს პროექტების განხორციელებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. შედარებით შეზღუდულია მათი საქმიანობა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, თუმცა UNDP ეფექტურად მუშაობს აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში. არსებობს ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ბევრი პროგრამა, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც აფხაზური, ისე ქართული და შედარებით ნაკლები ინტენსივობით - სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.