პაატა ზაქარეიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

9 May 2013

კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ვოლფგანგ გროსრუკთან და სამხრეთ კავკასიაში ასამბლეის სპეციალურ წარმომადგნელთან ჟოაო სუარეშთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირების პროცესზე ისაუბრეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ჟენევის პროცესი გაგრძელდეს", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლფგანგ გროსრუკმა ჟურნალისტებს.

სახელმწიფო მინიტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ეუთოს მონაწილეობასა და როლს.

"ეუთო წლების განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ეს ორგანიზაცია ამჟამადაც მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ცალსახად და მკაფიოდ მხარს უჭერს. ამ პროცესში ეუთოს როლი მნიშვნელოვანია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.