ე.წ. პასპორტების ვალიდურობა.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. "საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ან პარლამენტს არ გამოუცია არანაირი ნორმატიული აქტი, რომლითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობას აღიარებდა. ამდენად, ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ე.წ. პასპორტების ვალიდურობა აღიარა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასევე არ შეცვლილა წესები, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტებით საქართველოში გადაადგილებას არეგულირებს.
"არც ეს წესები გაუქმებულა. საქართველოს ხელისუფლებას არც ამ საკითხზე გამოუცია რაიმე ნორმატიული აქტი და არ მომხდარა არანაირი სამართლებრივი ცვლილება. ამდენად, ვურჩევ ჩიორა თაქთაქიშვილს, შეეშვას ისტერიკას და დეზინფორმაციის გავრცელებას და ინფორმაცია საქართველოს მთავრობასთან გადაამოწმოს ან შესაბამისი ნორმატიული აქტები მოიძიოს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არ შეცვლილა არც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა კვლავაც ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობს.