ქეთევან ციხელაშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელები 2-4 სექტემბერს, ტალინში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები, კერძოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის სამინისტროებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ტალინს ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის მიწვევით ესტუმრებიან. ვიზიტი ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ორგანიზებით და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ესტონეთის გამოცდილების ქართული მხარისთვის გაზიარებას ისახავს.
შეხვედრები შედგება ქვეყნის კულტურისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებთან, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან. ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიასაც გაეცნობიან.