თავის მხრივ, სახელმწიფოს სტრუქტურების ქმედებების საბაბი გახდა მინარეთის მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფა და მინარეთის აღმართვა შესაბამისი ნებართვის გარეშე.
აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს ამ გარანტიების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოებს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების დროს, აკისრიათ ვალდებულება, იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს.
ხშირ შემთხვევაში, მინარეთის გამოყენება მუსლიმური ღვთისმსახურების განხორციელების შემადგენელი ნაწილია, რომელიც, როგორც წესი, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.
როგორც გუშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განმარტა, ამ ეტაპზე სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია. მინარეთის კონსტრუქციის სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა დასრულებულია. საბაჟო სამსახური ახორციელებს კანონით დადგენილ პროცედურებს და ტვირთი მეპატრონესთან არის დაბრუნებული.
შესაბამისად, დაცულია კანონის მოთხოვნები, რაც თანაბრად სავალდებულოა ყველასთვის, რელიგიური გაერთიანებების ჩათვლით. საქართველოს კანონმდებლობით, რელიგიური ნაგებობების, ისევე როგორც ნებისმიერი შენობის მშენებლობას, სათანადო ნებართვა ესაჭიროება.
ამდენად, საქართველოს მთავრობის სახელით ვაცხადებთ:
ვინაიდან ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ მრევლს თავისი რელიგიური უფლებების რეალიზებაში, მოვუწოდებთ სოფელ ჭელას მუსლიმ მრევლს, მიმართონ კანონით დადგენილ სტრუქტურებს მინარეთის აღმართვის კანონიერი უფლების მოსაპოვებლად. ამასთან ერთად გაცნობებთ, მთავრობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად, რომელიც დაარეგულირებს რელიგიურ და საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნორმებს.
დარწმუნებული ვართ, საკანონმდებლო სივრცეში მოქცეული ეს ფაქიზი საკითხი, მომავალში თავიდან აგვაცილებს სოფელ ჭელაში განვითარებულის მსგავს მოვლენებს.