კომისიის თანათავმჯდომარე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები სოფლებში - თვაურები, საკორინთლო, სარიბარი და ხურვალეთში ჩავიდნენ და 10 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
კომისიის წევრებმა ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
"აქ ვიმყოფები არა როგორც სახელმწიფო მინისტრი, არამედ როგორც სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე და მინდა, გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის სხდომა. ამიტომ გვსურს, სხდომის წინ ადგილზე კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღოთ მოსახლეობისგან. თუმცა, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მაისის ბოლოს შეიქმნა, უკვე შაგროვა მონაცემები ამ სოფლების საჭიროებების შესახებ, რომელთა შედეგადაც შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმები. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, უახლოეს 6 თვეში აუცილებლად დასრულდება გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება. უახლოეს კვირებში დაიწყება სოფლების შეშით მომარაგება. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
კომისიის წევრები გორის რაიონის სოფლების შემოვლას ხვალ გააგრძელებენ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა 15 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.