სამთავრობო კომისიის წევრები ონის მუნიციპალიტეტში

23 October 2013

კომისიის თანათავმჯდომარე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - წედისის, ქვედის, ირის, სხანარისა და ქვედრულას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.

"აღნიშნული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ მათ გზების, ელექტროგამრიცხველიანების, სკოლების, ასევე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. აქ მიღებულ ინფორმაციას, ისევე როგორც ინფორმაციას გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლების შესახებ, სამთავრობო კომისიას წარვუდგენთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები 24 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდებიან. ანალოგიური შეხვედრები უკვე გაიმართა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების იმ სოფლების მოსახლეობასთან, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს.გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მომდევნო სხდომა 29 ოქტომბრისთვის არის დანიშნული.