კომისიის თანათავმჯდომარე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფლების - პერევის, ჯრიის და ჭურნალის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი.
"ამ სოფლებში მოსახლეობას გზის, ასევე სოფლის მეურნეობის პრობლემები აწუხებს. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ჩასატარებელია დაქსელვის სამუშაოები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომისიის წევრები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების შემოვლას აგრძელებენ და მომავალ კვირაში ახალგორის რაიონის მიმდებარე სოფლებს ეწვევიან.
კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, უკვე იმყოფებოდნენ გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ზუგდიდის, წალენჯიხის და ონის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. შეხვედრებზე მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას ისინი დროებითი სამთავრობო კომისიის 29 ოქტომბრის სხდომაზე წარადგენენ.