დისკუსია თემაზე "ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი" ბერლინში მიმდინარეობს. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ევროინტეგრაციის პროცესში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ყურადღება გავამახვილე გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართებისა და ხელოვნური ზღუდეების აღმართვის ფაქტებზე. აღვიშნე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში ინარჩუნებს პრაგმატულ კურსს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. რუსეთის მხრიდან ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯების ფონზე მნიშვნელოვანია მძლავრი ინსტრუმენტების ამოქმედება და ევროკავშირის მიერ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ევროკავშირის მიზანი მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ხელშეწყობაა, მოგვარებელი კონფლიქტები კი არარანაირად არ შეესაბამება ამგვარ რეალობას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განცხადებით, დისკუსიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ დოკუმენტის ხელმოწრის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
"ეს მოვლენა საქართველოსთვის იქნება ერთგვარი გზამკვლევი რეფორმების სწორად წარმართვის, დემოკრატიის განმტკიცების პროცესში და ინსტიტუციონალურ განვითარების შეუქცევადობაში. ამასთან, შეთანხმება მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვისაც", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საერთაშორისო დისკუსიაში, რომელიც "European Center for a Modern Ukraine" და "Berlin Economics" ორგანიზებით იმართება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირისა და გერმანიის მაღალი რანგის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობს. დისკუსიის მთავარი თემები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებთან - საქრთველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან რუსეთის ურთიერთობები და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.