გიუნტერ ფერჰოიგენი, რომელსაც კონფლიქტების ექსპერტიზის მიმართულებით მდიდარი გამოცდილება აქვს, ვიზიტის მიმდინარეობისას გაეცნობა საქართველოში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პოლიტიკას და ამ მიმართულებით ამჟამად არსებულ მდგომარეობას.
ყოფილი ევროკომისრის ვიზიტი სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ციხელაშვილთან საქმიანი სადილით დაიწყება.
გიუნტერ ფერჰოიგენი ასევე, შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, შეხვდება ექსპერტებს, გამართავს ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე: "ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და შესაძლებლობები". გიუნტერ ფერჰოიგენი ქართველ კოლეგებს და ექსპერტებს გაუზიარებს გამოცდილებას ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, ევროპის რეგიონის კონფლიქტების მართვისა და მათი შემდგომი მოგვარების რეალურ შესაძლებლობებს.
ყოფილი ევროკომისარი ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ესტუმრება, სადაც რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მათთან ერთად გამყოფ ხაზზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ჩავლენ.
"მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგისა და ავტორიტეტის პოლიტიკოსის ვიზიტი საქართველოში. ის მოინახულებს მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებს და საკუთარი თვალით ნახავს იმას, თუ როგორი სახე აქვს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციას საქართველოში. გიუნტერ ფერჰოიგენი გერმანელი პოლიტიკოსია. მათ განსაკუთრებით კარგად იციან, რა იყო ბერლინის კედელი და ხალხის დაშორიშორება. ევროკავშირის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მისი უნიკალური გამოცდილებისა და ექსპერტიზის გათვალისწინებით, ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რასაც მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მომავლისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა". - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
გიუნტერ ფერჰოინგენი 1999-2004 წლებში იყო ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მიმართულებით. 2004-2010 წლებში იყო ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ინდუსტრიისა და მრეწველობის მიმართულებით.
გიუნტერ ფერჰოინგენი საქართველოდან 7 მარტს გაემგზავრება.