პაატა ზაქარეიშვილი გიუნტერ ფერჰოიგენს შეხვდა

5 March 2014

ფერჰოიგენს პაატა ზაქარეიშვილთან ერთად სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა.

მათ გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, საქართველოს ევროინტერგაციის პროცესზე ისაუბრეს.

"მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ევროპული გამოცდილება, კერძოდ, გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. ვიზიტი სამეზობლო პოლიტიკისთვის ძალიან კრიტიკულ მომენტში შედგა. საქართველოში ჩამოვედი ძალიან ცხადი მესიჯით თქვენი ხალხისთვის - თქვენ ბევრი გააკეთეთ, გაატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და მიაღწიეთ ევროკავშირის მხრიდან გაცილებით უკეთეს პოლიტიკას. მე მოვუწოდებ ევროპულ ინსტიტუტებს, მისცენ საქართველოს ევროპაში ინტერგაციის დროში გაწერილი ნათელი პერსპექტივა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიუნტე ფერჰოიგენმა ჟურნალისტებთან საუბარში.

პაატა ზაქარეიშვილმა გიუნტერ ფერჰოიგენის გამოცდილებას გაუსვა ხაზი.

"იგი ევროკავშირში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსია - სწორედ მის დროს მოხდა ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოვება. გიუნტერ ფერჰოიგენს ევროპული პოლიტიკის უდიდესი გამოცდილება აქვს. ჩვენ მან გაგვიზიარა, თუ როგორ ხდება ევროკავშირის გაფართოვება და რა პრინციპებს ემყარება ეს პროცესი, რა პრინციპებსა და ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს პოლიტიკა ევროინტერგაციის გზაზე. მისი შეფასებით, საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა და უკვე შექმნილია პირობები ევროპის მხრიდან საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად. წლევანდელი წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ევროპა საქართველოს მიმართულებით მკაფიო და ცალსახა პოლიტიკას განახორციელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე