ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია, ჟენევაში უკვე გაემგზავრა.
"დღის წესრიგში დავაყენებთ გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების საკითხს. სამწუხაროდ, მავთულხლართების გავლება სოჭის ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე განახლდა. ამ პროცესს ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს, იზღუდება მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო ცხადი უნდა გახდეს, რომ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი მოგვარება აუცილებელია ევროპის მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობისათვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 27-ე რაუნდი 25-26 მარტს გაიმართება.