"ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტუვალუ უკვე მეორე სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღო. ეს საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი შრომის შედეგია და მინდა, პირველ რიგში სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს მივულოცო წარმატება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე განცხადებით, თანამეგობრობა საქართველოს მხარში უდგას არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში.
"მთელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამოკვეთილად სამშვიდობო პოლიტიკა. შედეგად, ტუვალუმ და ვანუატუმ უკან წაიღეს აღიარება, სხვა სახელმწიფოებმა კი, რომლებთანაც რუსეთი აქტიურად მუშაობდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვეს. დარწმუნებული ვარ, არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადი იქნება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
31 მარტს საქართველომ და ტუვალუმ დაამყარეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები. ტუვალუს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მოაწერეს.ოქმის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
ოქმში ხაზგასმულია, რომ "ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით". აღნიშნული ფაქტით ტუვალუმ უარყო 2011 წელს, მიღებული გადაწყვეტილებას და ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას.