ქეთევან ციხელაშვილი ქალთა საჭიროებების კვლევის შედეგებს გაეცნო

13 May 2014

კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის შედეგებს გაეცნო. ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების საჭიროებები შეისწავლა და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ქეთევან ციხელაშვილმა გახსნეს.

"ჩვენი აპარატი პასუხისმგებელია სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ. დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ არსებობს პრობლემები ქალებთან მიმართებაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ზოგ რეგიონში, მათ შორის განათლებაზე წვდომასთან, პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე და ასეთ ეტაპზე ეს დასკვნა ჩვენთვის, ცხადია, საყურადღებოა", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.