სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟენევის დისკუსიების ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები - ზურაბ ანთაძე, ვახტანგ ყოლბაია და რუსლან აბაშიძე. ქეთევან ციხელაშვილმა მოსახლეობისგან მიიღო ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ ექმნებათ ახალგორის რაიონში მიმოსვლისას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნულ პრობლემებს ჟენევის დისკუსიების მომდევნო - 16-17 ივნისისთვის დაგეგმილ რაუნდზე კიდევ უფრო დეტალურად დააყენებს.
"ახალგორში მოსახლეობის შესვლის საკითხს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიებზე უკვე ბოლო სამი რაუნდის განმავლობაში ძალიან აქტიურად განვიხილავთ, მოსახლეობა მიმართავს ჟენევის თანათავმჯდომარეებსაც, ჩვენც და ყველა მონაწილეს, თხოვნით, რომ დაეხმარონ ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებაში. მომდევნო რაუნდზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, ვაპირებთ ამ საკითხის კიდევ ერთხელ, მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კიდევ უფრო დეტალურად წამოჭრას. ჩვენ დისკუსიებზე მოვიყვანთ კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული შემთხვევების მაგალითებს და იმედს გამოვთქვამ, რომ საბოლოოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით, შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება. ეს ნამდვილი ჰუმანიტარული დარმა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, როცა ზოგი მათგანი ვერ იღებს ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ ფორმებს", აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.