დაჯილდოების ცერემონია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.სამ გამარჯვებულ სტუდენტს - ჰალიდ მურადოვს, ლილით ოგანესიანს და ტურალ ნაზიევს ინდივიდუალური პორტატული კომპიუტერები და სპეციალური სიგელები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გადასცა. კონკურსის დანარჩენმა მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან მადლობის სიგელები მიიღეს.
ქეთევნ ციხელაშვილმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსზე შესული ყველა ნაშრომი საინტერესო იყო.
"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კონკურსი ჩაატარა 4 1 პროგრამის მონაწილე სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვა და სხვა უმაღლეს სასაწავლებლებში. ესენი არიან ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქეები. კონკურსის თემა გახლდათ "ევროინტეგრაცია და მე". ეს ღონისძიება დავგეგმეთ ამ პერიოდში, როდესაც მოახლოებული გახლავთ ევროკავშირთან ასოცირების შთანხმებაზე ხელმოწერა. დღეს საქართველოს სტუმრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ბატონი ჟოზე მანუელ ბაროზო, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქარვთელოს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენ ახალ ფაზაზე გადავდივართ. ჩვენ გვინდოდა სტუდენტებისაგან გაგვეგო, რას ფიქრობენ ისინი ამ პროცესზე, როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს ევროპულ საქარვთელოში და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა", უთხრა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.
კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ღონისძიების ორგანიზებისა და მათი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალების მიცემისთვის.
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული, "4 პლუს 1" პროგრამაში მონაწილე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის ესეების კონკურსი 19 მაისს გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს უნდა მოემზადებინათ ესე თემაზე: "საქართველოს ევროინტეგრაცია და მე". ნაშრომში უნდა ყოფილიყო ასახული , თუ რას ნიშნავს ავტორისათვის ევროინტეგრაცია, როგორ ესმის მას საქართველოს ევროპული არჩევანი და რას გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესი, წარმოდგენილი ყოფილიყო სტუდენტის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ამ პროცესიდან და საქართველოს ევროპული არჩევანიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის, კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და პირადად მისთვის. ნაშრომების მიღების ვადა 4 ივნისს ამოიწურა.