ბოლო დღეს შეხვედრა-დიალოგის მუშაობას შეუერთდნენ საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრამ შექმნა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს, რეალიზმისა და ურთიერთ პატივისცემის პირობებში, ჰქონდათ საშუალება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია და გაეანალიზებინათ ის შესაძლებლობები და დაბრკოლებები, რაც გვხვდება სამშვიდობო პროცესში.
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. მონაწილეებმა ერთად გაანალიზეს მიმდინარე სიტუაცია. მიმდინარე გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ცხოვრებაზე. შეხვედრაზე მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, გამოეკვეთათ თავიანთი საზოგადოებების ინტერესები და პოზიციები, აგრეთვე, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ წარმოედგინათ თავიანთი ხედვები.
შეხვედრა გამორჩეული იყო გულწრფელობით, გახსნილობითა და პატივისცემის ატმოსფეროთი. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინფორმაციის გაცვლისთვის სადისკუსიო მოედნების მნიშვნელობას, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ურთიერთგაგება მხარეებს შორის. მონაწილეები მიესალმებიან არაფორმალური და არაოფიციალური დიალოგის არსებულ შესაძლებლობას და აღნიშნეს, რომ აუცილებელი არაა, ამ ტიპის შეხვედრები გადაწყვეტილების მიღებაზე იყოს ორიენტირებული.
აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დაურ არშბა, მანანა გურგულია, ბათალ ტაბაღუა და ინალ ხაშიგი. ქართული მხრიდან - გიორგი ვოლსკი, პაატა ზაქარეიშვილი, გიორგი ქაჯაია, მიხეილ მირზიაშვილი, ქეთევან ჭუმბაძე და მარინა ელბაქიძე. შეხვედრაზე ყველა მონაწილე წარმოადგენდა მხოლოდ საკუთარ თავს. შეხვედრა მიმდინარეობდა "Chatham House"-ის წესებით.
შეხვედრა-დიალოგი ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" (ლონდონი) მიერ, რომელსაც აქვს ორი ათწლეულის გამოცდილება კავკასიაში მუშაობისა. შეხვედრის ფასილიტატორები იყვნენ რეიჩელ კლოგი, ჯონათან კოენი და მირა ზოვაკარი.