ვიზიტის მსვლელობისას სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ევროპარლამენტის წევრებს, კერძოდ, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ლიბორ როუჩეკს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს მარეკ სიციევს; ასევე ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს და საგარეო კომიტეტის წევრს, ინეს ვაიდერესს და ამავე ჯგუფის წარმომადგენელს, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, არნალ დანჟანს; ასევე შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა კომიტეტზე ევროპარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის კოორდინატორთან, ულრიკე ლუნაჩეკთან; ევროპარლამენტში ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიის პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, რონალდას პაკსასთან; საგარეო საქმეთა კომიტეტზე ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის კოორდინატორთან, ანემი ნეიტს-უიტერბროეკთან და საგარეო საქმეთა კომიტეტზე სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ალიანსის კოორდინატორთან, ქრისტიან ვიგენინთან.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი სიტყვით წარსდგა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების წინაშე. იგი ასევე შეხვდა საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, ქ-ნ ჰელგა შმიდს და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორს, სტეფანო მანსერვისს.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკა და "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების, მათ შორის სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საკითხები.