შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

3 June 2013

ქეთევან ციხელაშვილმა 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირებულ ფაქტებზე.

სახელწმიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ გამყოფ ხაზებზე საფორტიფიკაციო მოწყობილობების გავლება დაუშვებელია და არღვევს, როგორც საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართალს, ისე ადამიანის უფლებებს.

"ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე ყველა არსებული ბერკეტის გამოყენებით რეაგირებს. ერთის მხრივ, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულად ინფორმირება და საკითხის მაქსიმალურად მწვავედ დაყენება, რათა ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინონ შესაბამისი ზეწოლა რუსეთზე. მეორეს მხრივ, ყველა შესაძლო ფორმატში, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთშორისო დისკუსიებზე, უშუალოდ რუსული მხარისგან მკაცრად მოვითხოვთ ამ ყოვლად მიუღებელი ქმდედებების შეწყვეტას. და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოსახლეობა, რომელიც უშუალოდ ზარალდება ამ პროცესებით. რამდენიმე კვირაა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენი უწყების კოორდინირებით უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს დღეებში ადგილზე გაეცნობა ვითარებას, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავსახოთ შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური პროგრამები", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

მან შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა. შექმნილ ვითარებაში ქმედებების შესახებ საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც წარადგინეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს.

აღნიშნულ ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.