პაატა ზაქარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ომის პროპაგანდას გმობს

28 July 2014

ამგვარად ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პარლამენტში 26 ივლისს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების "თავმჯდომარის ტარიელ ლონდარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატების მიერ ამ განცხადების მხარდაჭერას.

"საქართველოს პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ ისწავლა, ისინი შორს არიან რეალობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, იგივე შეცდომები გაიმეორონ, რაც მათ თავად დაუშვეს 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში. შემაშფოთებელია, რომ ტარიელ ლონდარიძის განცხადებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ომის პირდაპირი პროპაგანდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, გეგმები კვლავ საომარი მოქმედებების განხორციელებაზე აიგოს, ვერ ხედავენ, რომ ამ გზით ვერანაირად ვერ მოხდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგება და საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში ამ საზოგადოებების ჩართვა", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

პაატა ზაქარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ომის პროპაგანდის რეაქციის გარეშე დატოვება და იმედს გამთქვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გადააფასებენ.

"დაუშვებელია, ამ ტიპის განცხადებები რეაქციის გარეშე დარჩეს. მე აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ტარიელ ლონდარიძის განცხადებაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატების აპლოდისმენტები მხოლოდ სპონტანური რეაქცია და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმართული ეიფორიის ნაწილი იყო. იმედი მაქვს, ისინი გადააფასებენ ამ პოზიციას, საჯაროდ დაგმობენ ომის პროპაგანდას და გააკეთებენ განცხადებებს, რომლებშიც აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობის ფორმად ომის შესაძლებლობას გამორიცხავენ", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" თავმჯდომარემ ტარიელ ლონდარიძემ 26 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გამოსვლისას, რომელზეც მთავრობის დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად ბრძოლა და სისხლისღვრა დაასახელა.

"თუ ვინმეს იმ ზღაპრის გჯერათ, რომ დაღუპული ჯარისკაცის გარეშე ამ ქვეყანას გააერთიანებთ, ეს ტყუილი და სიცრუეა, ნუ ატყუებთ მეომრებს, რომ თქვენ ბრძოლის გარეშე ამ ქვეყანას დაიბრუნებთ. ბრძოლის გარეშე, სისხლის გარეშე ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენთ, ეს არის სიცრუე. მოამზადეთ ქართული შეიარაღებული ძალები, მოამზადეთ საქართველოს საზოგადოება იმისათვის, რომ აღუდგეს და ებრძოლოს მტერს, მთავარ მტერს, რომელსაც ჰქვია პუტინი და პუტინის რუსეთი. ამისთვის მოამზადეთ საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, რომელსაც მართლა სურს, ეს ქვეყანა გადარჩეს და თავისუფლება შეინარჩუნოს", - განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.