პაატა ზაქარეიშვილი სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

30 December 2014

"სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. ვუსურვებთ, რომ 2015 წელი ყოფილიყოს ბედნიერების, წარმატებისა და სიკეთის მომტანი თითოეული მათგანისთვის, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის იყოს მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის წელი.

2014 წელი საქართველოსთვის იყო რთული. თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით ჩვენი ევროპული მომავლისთვის სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც კონფლიქტების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს. ეს ხელშეკრულება სიკეთის მომტანია ეთნიკური აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც. ისინი, ამას ხმამაღლა არ აღიარებენ, თუმცა მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოს მიერ შეთავაზებული ევროპული არჩევანი, მაშინ როცა ვხედავთ რა ხდება უკრაინაში და რა პერსპექტივები აქვთ უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე.

იმ საერთაშორისო გამოწვევების ფონზე, რომელიც იყო ევროპაში თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ მოვახერხეთ 2014 წელი გაგვესტუმრებინა შეცდომის გარეშე. სწორი პოლიტიკის გატარებით, საქართველო თავიდან აიცილა პრაქტიკულად ყველა გამოწვევა. შევძელით მსხვერპლის, დევნილობისა და სოფლებისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე გაგვეტარებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ყველას არწმუნებს, პირველ რიგში აფხაზებს და ოსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ახორციელებს. ეს ცალსახად კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც 28 სახელმწიფოსთან არის უკვე ხელმოწერილი.

ვთვლი, რომ 2014 წელი სართო ჯამში მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის მნიშვნელოვანი წელიწადი იყო და იმედი მაქვს, რომ 2015 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.