საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებები შემაშფოთებელია და ნათლად აჩვენებს ამ რეჟიმის სახეს და სისასტიკეს."ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დაკავებები წინა წლებში ნაკლები არ ყოფილა და დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც 2013-2014 წლებში ოფიციალურად ფიქსირდება. თუმცა, ყველა დაკავების აღრიცხვა ადრე არ ხდებოდა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ერჩიათ, დაკავებულებისთვის პირდაპირ ფული გამოეძალათ. საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ხალხით სავსე მიკროავტობუსებს და სატვირთო მანქანებსაც აკავებდნენ და არ აღრიცხავდნენ. ამას თავად გალელებიც ადასტურებენ. სტატისტიკური სურათის დინამიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს გამყოფ ხაზზე და გამშვებ პუნქტებზე კონტროლი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩამოართვეს და დაკავებების დაფიქსირება და რეგისტრირება აუცილებელი გახადეს. საოკუპაციო ჯარმა ასევე დაიწყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების, თხრილების და კედლების გავლება იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ე.წ. უნებართვო და უკონტროლო გადაადგილება. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია სტატისტიკური მონაცემების ზრდის შთაბეჭდილება", - აცხადებს ზაქარეიშვილი. სახელმწიფო მინისტრის თქმით, წინა წლებში, დაკავებებთან ერთად, იყო ადამიანების დაკარგვის შემთხვევები, ზოგჯერ _ მსხვერპლიც, ხდებოდა საეჭვო ტერაქტები, სოფლების და ქალაქების დაკარგვა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გამოირიცხა. "საქართველოს ხელისუფლების ახალი პოლიტიკის შედეგად ეს გამოწვევები გამოირიცხა და დარჩა მხოლოდ დაკავებები. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს, რომ დაკავებებიც მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და ამ მიმართულებითაც გვქონდეს შედეგი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2009-2015 წლებში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ საქართველოს 2 117 მოქალაქეა დაკავებული. აქედან 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია.