მინისტრის მოადგილემ CAPSTONE - ის (ა.შ.შ -ს თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიული სამხედრო სასწავლო პროგრამა) დელეგაციის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე "საქართველოს ჩართულობის სტრატეგია რუსეთის ოკუპაციის საპასუხოდ". ამერიკელმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია, რუსეთის სტრატეგიული მიზნები და სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევა და სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ჩართულობის სამოქმედო გეგმის ინსტრუმენტები, როგორც რეგიონის მიმართ რუსეთის "უხეშ ძალაზე" გონივრული პასუხი.
ვიზიტის განმავლობაში, დელეგაციის წევრები, რომლებიც იყვნენ დაწინაურებისათვის გამზადებული ამერიკელი ოფიცრები, ასევე შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს. მათ ასევე მოინახულეს თავდაცვის ეროვნული აკადემია.
ვიზიტი ემსახურებოდა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარების გეგმების ამჟამინდელი პრიორიტეტების გაცნობას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხების, ასევე საქართველო-ა.შ.შ-ს თანამშრომლობის და რეგიონის ზოგადი უსაფრთხოების ტენდენციების საკითხების განხილვას.