სამოქალაქო ინტეგრაციის ანგარიშის განხილვა

23 May 2012

საქართვლოს პრეზიდეტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის" შესრულების 2011 წლის ანგარიში. მთავრობის საქმიანობის 2011 წლის ანგარიში წარადგინა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ტანგიაშვილმა. თავის მხრივ, ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს სამოქმედო გეგმის შესრულების 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგები ექვსი ძირითადი მიმართულებით - კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს მინოტორინგის შედეგები, რის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები 2012 წლის სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად.

ღონისძიება ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ორგანიზებით.

შეგახსენებთ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პასუხისმგებელია "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის" იმპლემენტაციის სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის კოორდინირებულ მუშაობაზე.