შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი ირაკლი ფორჩხიძე, აპარატის დეპარტამენტის უფროსი, ასევე უმაღლესი კომისრის მრჩევლები და ეროვნული პროგრამის წარმომადგენელი.
ეკა ტყეშელაშვილმა და კნუტ ვოლებეკმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ გალის რაიონში, ეთნიკური ქართველების უფლებებისა და მდგომარეობის კუთხით არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ქართულ ენაზე განათლების მიღების, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, გაუარესებული კრიმინალური სიტუაციისა და ეთნიკურ ნიადგაზე დევნის საკითხებზე.
სახელწმიფო მინისტრმა სტუმრებს გააცნო ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით ბოლო ერთი წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვა, დასაქმება და განათლება წარმოადგენს მთავრობის მიმდინარე პრიორიტეტებს, მათ შორის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მიმართ.