სახელმწიფო მინისტრის განცხადება

24 October 2012

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ "ჩართულობა თამამშრომლობის გზით" და თანდართულ ჩართულობის სამოქმედო გეგმას.

აღნიშნული სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების დაახლოება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან, მათ შორის ნდობის აღდგენა და ურთიერთობების გაღრმავება, კონკრეტული ქმედებებით დემონსტრირება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო ამ რეგიონების მოსახლეობა ქვეყნის განვითარების თანაზიარი გაეხადა.

ბოლო წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის უფასო და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში მოქმედი "რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში 2012 წელს უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა ორი ათასზე მეტმა ოკუპირებული რეგიონების მოსახლემ, რომელთა დაფინანსებამ შეადგინა დაახლოებით ორი მილიონი ლარი. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიღების გარდა, სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დროულ რეაგირებას ახდენდა არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის ახორციელებდა აუცილებელი მედიკამენტების და ვაქცინების მიწოდებას აფხაზეთის რეგიონისათვის, კერძოდ, ინსულინის, იმუნიზაციის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების, ასევე ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკების მიწოდებას. ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩართულობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაფუძნებული საკოორდინაციო (სამეკავშირეო) ოფისი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს არაფორმალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა თბილისსა და სოხუმს შორის ამ ქალაქებში დაარსებული ოფისების მეშვეობით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის N165 დადგენილებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, მიეცა უფასო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა. 2012 წელს სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული რეგიონების მიმართ განხორციელებული ჯანდაცვის კომპონენტის დაფინანსებამ ამ ეტაპისთვის 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის N300 დადგენილების მიხედვით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, სრული დაფინანსების გრანტი მისცეს 150 სტუდენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემუშავებული აქვს სპეციალური მექანიზმი ოკუპირებულ რეგიონებში მიღებული საშუალო და უმაღლესი განათლების აღიარების, რაც ქვეყნის შიგნით და ასევე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა. სტუდენტებს აღნიშნული რეგიონებიდან ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ განათლების სამინისტროს სასწავლო-სამაგისტრო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში და მოიპოვონ გრანტი უცხოეთის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, აგრეთვე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსების საფუძველზე მიიღონ სასწავლო, სამეცნიერო ან კვლევითი გრანტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონების სტუდენტების ჩარიცხვის გამარტივების მიზნით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ჩარიცხვა შესაძლებელია მოხდეს ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ერთი საგნის ჩაბარებით მშობლიურ აფხაზურ და ოსურ ენებზე.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის მიმართ განხორციელებული არალეგალური პასპორტიზაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ რეგიონების მოსახლეობის საქართველოს ფარგლებს გარეთ თავისუფლად და ლეგალურად გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. სწორედ აღნიშნული მიზნით შემოღებული იქნა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც ნეიტრალურია მოქალაქეობის საკითხის მიმართ და არ შეიცავს სახელმწიფო სიმბოლიკას. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, აღნიშნული დოკუმენტი უკე აღიარებულია ათი ქვეყნის - ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იაპონიის, ისრაელის და აშშ-ს - მიერ. ამ დრომდე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რიგ სხვა ქვეყნებთან. ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდა ნეიტრალურ დოკუმენტს და მისი გამოყენება უკვე ხდება ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობისათვის.

უკანასკნელ წლებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საოკუპაციო ხაზით დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და სტერეოტიპების მსხვრევის ხელშეწყობას. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო ჩართულობით და დაფინანსებით განხორციელდა რიგი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა ოჩამჩირედან, ტყვარჩელიდან, სოხუმიდან, გაგრიდან და გუდაუთიდან სტუდენტების, მოსწავლეების, მასწავლებლების, ექიმების, დედებისა და ბავშვების ვიზიტს თბილისში, ქუთაისში, აჭარის და კახეთის რეგიონებში. პროექტების ფარგლებში ხდებოდა პროფესიული გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მონახულება და კონტაქტების დამყარება კოლეგებთან და თანატოლებთან. საოკუპაციო ხაზით დაშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფას, რაც ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების საზრუნავს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით ენგურის ხიდზე ჩატარდა საინჟინრო სამუშაოები და მიღწეული იქნა შეთანხმება ხიდის სრული ტექნიკური რეაბილიტაციისათვის.

ვიმედოვნებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება შენარჩუნდება სახელმწიფოს პრიორიტეტად, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ამ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით საქართველოში რეინტეგრაციას.