შეხვედრა კავშირ "21-ე საუკუნის" ორგანიზებით გაიმართა და საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათისა იყო. სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული და ამგვარი შეხვედრები მნიშვნელოვანია. პაატა ზაქარეიშვილმა გამოხატა მზადყოფნა, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ნებისმიერ საკითხზე გაიმართოს შეხვედრები თანამშრომლობით დაინტერესებულ ყველა პირთან.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების საჭიროებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. ინტერრელიგიური ჯგუფის წევრებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი.
ინტერრელიგიური ჯგუფის მხრიდან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი-ავტოკეფალური ეკლესიის, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს მუსილმთა სამმართველოს, სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიის, საქართველოში იეზიდთა თემის, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ებრაელთა თემის, ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიისა და ხსნის არმიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა.